ჟურნალი სითის რედაქტორი ეკა ხოფერია შატო მერეს შესახებ აპრილის ნომერში გვიყვება.

ჟურნალი სითის რედაქტორი ეკა ხოფერია შატო მერეს შესახებ აპრილის ნომერში გვიყვება. – 10.04.2013

 

შატო მერე — სტუმრად მეგობრებთან

 

აქაურობა ერთი წლის წინ აღმოვაჩინეთ: კახეთში ორდღიანი დროსტარების ბოლო საღამოსთვის რაღაც ახალს ვეძებდით. გზაზე კოშკი დავინახეთ, თავიდან რომელიღაც მდიდარი ქართველის სახლი გვეგონა, არ შევედით, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ გვძლია და საჯინობოსთან შევჩერდით, ძალიან ლამაზი წაბლისფერთმიანი გოგო ცხენს ეფერებოდა და ირიბად ჩვენსკენ იყურებოდა."ხომ არ იცით, ეს სახლი ვისია?" — ვკითხეთ. "სახლი არ არის სასტუმროა, "შატო მერე". მამაჩემმა, გია პირადაშვილმა ააშენა" — მორცხვად გვიპასუხა აქაურობის პატარა დიასახლისმა, მარიამმა. მარიამის და მისი ბედაურების ფოტოები უკვე მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ ვნახე "მერეს" კედლებზე. საინტერესო ფოტო გარელეაა, საინტერესო პერსონაჟებით. ხვდები რომ აქაურობამ არაერთ საინტერესო საღამოს უმასპინძლა, იქნებოდა ეს თეატრალური საღამოები, მწერალთა შეკრებები თუ ბიზნესმოლაპარაკებები. "შატო მერე თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ელისო ვირსალაძის ფესტივალების ოფიციალური პარტნიორია. აქ მიმდინარეობდა პოპულარული ტელე-გადაცემის "თოპ გოგოს" გადაღებებიც. თვითვეულ ამ პროექტზე, ისევე, როგორც "შატო მერეს" ისტორიაზე, აქაურები წვრილად და დიდი ხალისით მოგიყვებიან.

— შატოს დიზაინი ვის ეკუთვნის? — ვეკითხები ვახშამზე ჩვენს მაგიდასთან მოახლოვებულ გია პირადაშვილს.

— მე და ჩემს მეგობრებს! — მხიარულად მპასუხობს მასპინძელი.

— როფესიით არქიტექტორი ხართ?

— არა, მე "პიარშიკი" ვარ. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი წიგნებსა თუ ალბომებში მაქვს ნანახი, ჩემი არაფერი არ არის, ვნახეთ მოგვეწონა და გავაკეთეთ — ამბობს გია და "შატო მერეს" ერთ-ერთ საფირმო კერძს გვთავაზობს — თაფლში ამოვლებულ ყველს, ნიგოზთან ერთად.

მისაღებში რამდენიმე მაგიდაა, თანაც დიდი, მამაპაპური, 10 კაცს რომ თავისუფლად დაიტევს. ცივ ამინდებში თადარიგი ადრე უნდა დაიჭიროთ და მაშინ ბუხართან ახლოს, რბილ და კომფორტულ სავარძლებში ჩაეფლობით, აქაურ ღვინოებს "ვინივერიას", ან "შატო მერეს" დააგემოვნებთ და არასოდეს მოგინდებათ ადგომა. მაგიდები ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს დგას, მაგრამ აქ შემოსულს უკვე ისეთი შეგძნება გაქვს, რომ მეგობრის სახლში ხართ და ირგვლივ მაგიდებთან შენი კარგი ნაცნობები სხედან. ვახშამზე ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნებას უშუალოდ გია პირადაშვილის მიერ მომზადებული დესერტით ასრულებ: შოკოლადის გულსართიანი კრეპებითა და სამოთხის ვაშლების მურაბით. დეგუსტაცია და სასიამოვნო საღამო ცოცხალი მუსიკის ფონზე, რომელიც ხშირად იმპროვიზებულ სოლოკონცერტში გადადის, გააჩნია, ვინ სტუმრობს იმ დროს "შატო მერეს" თქვენთან ერთად.

"ამ ადგილას გიამ პირველად რომ მომიყვანა, ვერცკი წარმოვიდგენდი რაზე საუბრობდა" — მიყვება აქაურობის კიდევ ერთი მასპინძელი, დათო წერეთელი. სულ ორიოდე წამია, რაც ფანტასტიკური მუსიკალური ნომერი დაასრულა და ჩვენთვის მოიცალა. აღმოჩნდა, რომ გია პირადაშვილი მართალს ამბობდა, მთელი ეს ინტერიერი მისი ფანტაზიის და წიგნებში ნანახი საინტერესო დიზაინის შედეგია. ავეჯის დიდი ნაწილი ძველია და ანტიკვარული. თელავში ქუჩ-ქუჩა დადიოდნენ თურმე და ეძებდნენ, თელაველთა სარდაფებიდან გამოტანილი ძველი ავეჯი თანდათან რემონტდებოდა და რესტავრაციის შემდეგ შატოში ინაცვლებდა. სასტუმროს ოთახებში მდგარი მასიური საწოლებიც შეკვეთით აქაურმა ხელოსნებმა დაამზადეს, თეთრეულს შატო მერეს ღერბი ამშვენებს. მესამე სართულზე ლუქსებია განლაგებული, მათ შორისაა სამეფო ლუქსი, დიდი ვერანდითა და ჯაკუზით ღია სივრცეში.

აქ თუ ერთხელ მაინც მოხვდით, აუცილებლად დაბრუნდებით. ზემოაღწერილ გარემოს გარდა, კომფორტულია მათთვის, ვისაც დროის პრობლემა აქვს, ის თბილისიდან საკმაოდ ახლოსაა, მით უფრო, თუ დედაქალაქიდან გომბორის გზით წამოხვალთ. აქაური ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად ტურების დაგეგმაც შეგიძლიათ, ტრანპორტით, ცხენებით, ან სულაც ფეხით. ამ ადგილის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის სეზონური არ არის. აქ წლის ნებისმიერ დროს კარგად დაისვენებთ. ბიზნესმენების შეხვედრებისათვის საკონფერენციო სივრცეა განკუთვნილი, ძალიან კარგი გარემოა ლიტერატურული საღამოების მოსაწყობად. მნიშვნელობა არ აქვს რა მიზნით და შემადგენლობით ჩამოხვალთ, თქვენ აუცილებლად მოივლით ისტორიულ ძეგლებს, დატკბებით ფანტასტიკური ხედებით, დაათვალიერებთ შატო მერეს ღვინის წარმოებასა და მარანს, დააგემოვნებთ გია პირადაშვილის ექსკლუზიურ კერძებს, ღვინოს, მეუღლის სახელზე ჩამოსხმულ შამპანურს "ნინო გაგუა", გახდებით საინტერესო საუბრების მონაწილე, შეხვდებით ახლობლებსა და უცხოელ სტუმრებს, მოისმენთ არაჩვეულებრივ კომპოზიციებს და იფიქრებთ, რომ კიდევ დიდხანს არ წახვიდოდით თქვენი მეგობრის "შატოდან".


ასევე იხილეთ »
05.01.2016 შატო მერეში სპეციალური ფასები მოქმედებს
20.12.2015 შეხვდით ახალ წელს შატო მერეში!
09.08.2015 "ქართული ღვინო და იტალიური სამზარეულო ქართული აქცენტით"
25.04.2015 სპექტაკლი "სასიყვარულო ბარათები"

დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.